“ძალიან მომრავლდნენ აზერბაიჯანიდან ჩამოსული ბავშვები. ისინი ჯგუფურად შედიან მაღაზიებში, ტეხენ დაკეტილ სავაჭრო ობიექტებს და მათ პოლიცია ვერ აკავებს, რადგან საბუთებიც არ აქვთ. ბოლო დროს ხშირად ქურდობენ ქართველი არასრულწლოვნებიც. 10 წლის ზემოთ მათხოვრობით ვეღარ შოულობენ ფულს და უკვე ქურდობენ” საქართველოში მათხოვრობის პრობლემა ისევ მწვავედ დგას. ქუჩაში დგომა და ძახილი: “დამეხმარეთ…” ჩვეულებრივი ხერხია. ბევრს ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილზე ვხედავთ. მომრავლდნენ 10 წლამდე ბავშვებიც, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ. ალბათ, ყველა ხედავს შუქნიშნებთან მდგარ პატარებსაც, რომლებიც მანქანის მძღოლებს ფულს სთხოვენ, უარის შემთხვევაში კი მძღოლებს გინებას და წყევლას არ აკლებენ. რამდენიმე დღის წინ გზა­ჯვარედინზე­ სამი მოზარდი მძღოლებს დახმარებას სთხოვდა. უცებ ორმა შუა ტრასაზე ჩხუბი დაიწყო, უფროსი პატარას გამეტებით ურტყამდა. უამრავი ადამიანი ხედავდა ამ ფაქტს, მაგრამ ერთი ქალბატონის გარდა, არავის უცდია მიახლოება. “რას აკეთებ? რატომ ურტყამ, პოლიციას გამოვიძახებ,” – უთხრა ქალბატონმა მოძალადე მოზარდს. “რას მიზამს პოლიცია, ვერ დამიჭერს, ეს კი ჩემი ძმაა და რასაც მინდა, იმას ვუზამ, შენ ვინ გეკითხება!” – იყო აგრესიული პასუხი. მათთან ერთად მყოფ მესამე ბიჭს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, შუქნიშანთან იდგა და მოწყალებას ითხოვდა. პატარამ მითხრა, რომ
სამივე ძმაა.
fb
“ხანდახან ბავშვები 100 ლარზე მეტსაც შოულობენ, მათი მშობლები კი იმ ფულით ქეიფობენ” ლადო, 10 წლის: – ერთმა მძღოლმა ორლარიანი მომცა და ჩემი ძმა წართმევას აპირებდა. რომ არ მივეცი, ამიტომ მცემა.­ დილითაც წამართვა ჩემი მოგროვილი 5 ლარი. მას რომ არ მისცეს, რა ჩემი ბრალია? მეც ხომ მინდა ფული. სახლში დედასაც უნდა მივუტანო და აღარაფერი დამრჩება. – დედა ფულს გთხოვთ? – აბა, რა ქნას? თვითონ არ მუშ­აობს, ჩვენ ვაძლევთ ფულს. მამაჩემი არყის ფულსაც გვთხოვს. ბინის ქირაც გადასახდელი გვაქვს. ადრე დედაც გადიოდა საშოვარზე, მაგრამ სულ ქუჩაში რომ იჯდა, ახლა ცუდად არის. გვეუბნება, უკვე დიდები ხართ და დამეხმარეთო. როცა პატარები ვიყავით, ის გვაჭმევდა, ახლა ჩვენ ვყიდულობთ მისთვის წამალსაც, საჭმელსაც. – სკოლაში არ დადიხართ?  – ხანდახან დავდივარ. მასწავლებლებმა იციან, რომ ვმათხოვრობ და მეჩხუბებიან, მაგრამ ფული ხომ მინდა. ჩვენ არ ვიპარავთ, სხვა ბავშვებივით ცუდად არ ვიქცევით, ვინც რას მოგვცემს, იმას ვჯერდებით. ძალიან ხშირად მხოლოდ 10 თეთრს გვაძლევენ და ასე რამდენი უნდა მოაგროვო… თან მთელი დღე არ ვდგავართ, ცოტას ვიშოვით და მივდივართ. ჩემი ძმის მეგობრები მაღაზიებში შედიან, დიდ ფულსაც შოულობენ, მაგრამ ჩვენ ქურდობა არ გვინდა, ასე გვირჩევნია. ქუჩაში მგლური კანონებია, ყველა ცდილობს, სხვას აჯობოს. არავის ვეუბნები, გინდა თუ არა, ფული მომეცი-მეთქი. დავდგები და რასაც მომცემენ, მომცემენ. ხალხი უფრო მეტად პატარა ბავშვებს ეხმარება. არიან ბავშვები, ხანდახან 100 ლარზე მეტსაც შოულობენ, მათი მშობლები კი იმ ფულით ქეიფობენ. მე ამდენი არასოდეს მიშოვია. ყველაზე ბევრი 30-40 ლარი მომიგროვებია. ბევრი ზის კარგ მანქანაში, მაგრამ ერთ თეთრსაც არ მოგცემს. რომ იზრდები, მერე ძალიან ცოტას გაძლევენ. ჩემი უფროსი ძმა ამიტომ ვერ შოულობს. ამბობს, სამსახური უნდა ვიშოვოო. ამასობაში უფროსი ძმა მოგვი­ახლოვდა­. პატარამ შესჩივლა, რომ სცემეს. უფროსმა შუათანას წაარტყა თავში და უთხრა, ხომ გითხარი, ბავშვს არასოდეს დაარტყაო, მერე პატარა ძმას ხელი ჩაავლო და სამივე ისევ შუა ტრასაზე გაიქცა. “ფულს უფრო კაცები მაძლევენ, ქალები მეჩხუბებიან, ზოგი მირტყამს” ანია 6 წლიდან მათხოვრობს. ახლა 11 წლისაა: “მოგროვილ ფულს სულ დედას ვაბარებ. დედაც დგას მეტროსთან, მაგრამ მას ზოგჯერ ორი ლარიც არ უგროვდება. ბინაც არ გვაქვს. სხვა მათხოვარ ბავშვებს არ ველაპარაკები. ისინი ცდილობენ, ფული წაგართვან და გაიქცნენ. ერთხელ დიდმა ბიჭებმა სულ წამართვეს ფული. მერე დედაჩემი ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. ფულს უფრო კაცები მაძლევენ, ქალები მეჩხუბებიან, ზოგი მირტყამს. დედას არ უთქვამს, რომ მე დამეწყო ეს, თვითონ დავიწყე, რადგან ვხედავდი, სახლში რომ მოდიოდა, ტიროდა, მე არ მაძლევენ ფულს, ვისაც გვერდით ბავშვები ჰყავს, იმათ აძლევენო. პატარა რომ ვიყავი, ერთად ვისხედით მეტროს შესასვლელში და ხალხი მე უფრო მაძლევდა ფულს, ვიდრე – დედას. ახლა გავიზარდე და მარტო დავდივარ. მერე ვაგზალზე ვხვდები დედას, იქ ვიყიდით საჭმელს და მივდივართ ისანში – იქ ვცხოვრობთ ნაქირავებში. ჩვენს ქუჩაზე ძალიან ბევრი მათხოვარი ცხოვრობს. იქ კერძო სახლებია და იქ გვაქვს ოთახები ნაქირავები. “ხაზეიკები” ძალიან ცუდი ხალხია, თითოს დღეში 6 ლარს გვთხოვენ. ზოგიერთ ჩემს ტოლს საწოლიც არ აქვს ოთახში და იატაკზე სძინავს. თუ საწოლი არ გაქვს, მაშინ დღეში 5 ლარს უხდი “ხაზეიკას”… მათხოვართა უბნები კანონით, თუკი ბავშვს მშობელი ამათხოვრებს, ის უნდა დაისაჯოს. თუმცა ხშირად ბავშვები მშობლებს არ ამხელენ და ამიტომ სამართალდამცავებს რეაგირება უჭირთ. ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვია ქუჩაში, თუმცა მათ ყველგან ვხვდებით. ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ აეროპორტში, მრავლად არიან ხალხმრავალ ადგილებშიც. კანონით მხოლოდ მაშინ შეიძლება მათხოვრობის ფაქტის აღკვეთა, როდესაც პოლიციელმა დადასტურებულად იცის, რომ ბავშვი თავისი ნებით არ მათხოვრობს. სპეციალისტების აზრით, ასეთი ბავშვების დიდი ნაწილი აზერბაიჯანის მოქალაქეა და აქ სამათხოვროდ ჩამოდის, რადგან იქ მათხოვრობა კანონით ისჯება. ნინო ფსიქოლოგია. თავის ვინაობას არ ამხელს, რადგან ყოველდღე უწევს ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა: – ძალიან მომრავლდნენ აზერბაიჯანიდან ჩამოსული ბავშვები. ისინი ჯგუფურად შედიან მაღაზიებში, ტეხენ დაკეტილ სავაჭრო ობიექტებს და მათ პოლიცია ვერ აკავებს, რადგან საბუთებიც არ აქვთ. ბოლო დროს ხშირად ქურდობენ ქართველი არასრულწლოვნებიც. 10 წლის ზემოთ მათხოვრობით ვეღარ შოულობენ ფულს და უკვე ქურდობენ. ადრე საბურთალოს სასაფლაოსთან, მიტოვებულ შენობაში ოთახებს აქირავებდნენ და ეს ოჯახები იქ ათევდნენ ღამეს. თბილისის თითქმის ყველა უბანშია ასეთი ადგილი. განსაკუთრებით ბევრია სამგორის ტერიტორიაზე. იქ არის ორი ქუჩა, სადაც სულ ასეთი ოჯახები ცხოვრობენ. საშინელ პირობებში არიან, მაგრამ თითო ადამიანი დღეში 6-7-8 ლარს უხდის ბინის მეპატრონეს. Qქირის ფულს ბავშვები შოულობენ მათხოვრობით და ქურდობით. ასეთივე ბუნაგებია გლდანში, დიდუბეში, ვაგზლის მოედანზე. ერთი გოგონა ღამეს საბურთალოს სასაფლაოზე ათევდა. ერთ დღეს ისე შეშინდა, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა. დედა ამათხოვრებდა მას და მის დას. მერე ეს ბავშვი გააშვილეს და ახლა ნორმალურ ოჯახში იზრდება. ერთი დედა თავის ორ პატარა გოგონას ამათხოვრებდა იმიტომ, რომ თვითონ მუშაობა ეზარებოდა. გლდანიდან გამოჰყავდა ბავშვები და საავადმყოფოს წინ სხამდა. თვითონ მოშორებით იდგა და იქიდან უყურებდა ხელგაწვდილ შვილებს, მათ ნაშრომს კი ჭამდა. ერთი მოზარდი მყავდა, ადრე მათხო­ვრობდა, ახლა ქურდობს. პოლიციამ დაიჭირა. მამამისიც ქურდობისთვის იხდის­ სასჯელს. დედა რუსეთში წასულა და იქ დაუკავებიათ ქურდობისთვის. ამბობს, 14 წლამდე არ ისჯება ქურდობა და ვიქურდებ, მერე არ მოვიპარავო. პოლიციას თამამად ელაპარაკებიან თავიანთ ნამოქმედარზე, ამბობენ, მოპარულ ნივთებს ვყიდითო. ცოტა ხნის წინ დაცვის თანამშრომელს თურმე იარაღი ისე მოჰპარეს, ვერ გაიგო. ამას წინათ ლილოს პოლიციამ რვა აზერბაიჯანელი გოგონა დააკავა. მათ ჩინელების მაღაზია და რამდენიმე ობიექტი გაქურდეს. თბილისში აზერბაიჯანელი ბოშებიც კარგად გრძნობენ თავს. იქ მათხოვრობა ისჯება, ამიტომ გადმოდიან საქართველოში. უკან ვერ აბრუნებენ, მაგრამ თუ პოლიციასთან ურთიერთობა გაურთულდათ, საზღვარზე გადადიან, თუმცა მალევე ბრუნდებიან. აზერბაიჯანიდან ჩამოსული ბოშები აეროპორტშიც არიან. ისინი შვილებს აქირავებენ კიდეც, 10-20 ლარად, წამალსაც ასმევენ ბავშვებს. მათ ბავშვს ვერ წაართმევ – ეს რომ დააპირო, ერთად გესხმიან თავს. კანონი უნდა გამკაცრდეს, რეიდები უნდა ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ოჯახი მკაცრად რომ დაისაჯოს, სხვები ვეღარ გაბედავენ, შვილებს სამათხოვროდ ქუჩაში აღარ გაიყვანენ. თეა ხურცილავა