მაია ასათიანმა ბინა გაყიდა და ნაქირავებში ცხოვრობს – „სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა…“
მაია ასათიანს „რუსთავი 2“-ში ვესტუმრეთ, იქ მცირე ხნის წინ თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ეკრანსაც, საიდანაც ყოველ კვირა ესალმება მაყურებელს. ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეწამყვანმა მაყურებელი არ მიატოვა და არც მაყურებელს მიუტოვებია ის… იყო პაუზა წინა წელს, რა თქმა უნდა და იყო მცირე, ორკვირიანი პაუზა ახლაც, თებერვალში, როცა მაიას, ნუცას გარდაცვალების წლისთავზე, ისევ მოუხდა მოგონებებთან შეჭიდება… როგორც თავად ამბობს, ნუცას იმ ქვეყნად წასვლის
შემდეგ მეორედ დაიბადა და ცხოვრებას თავიდან სწავლობს. გაყიდა ბინა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა და ახლა ნაქირავებ სახლში ახალი ბინის რემონტს ელოდება, ცხენზე ჯირითს სწავლობს და ცურავს მაშინ, როცა „პროფილთან“ დაკავშირებულ საქმეებს არ აგვარებს ტელევიზიაში. აქ მას მეორე ოჯახი ელოდება, მეგობრები, რომლებმაც უახლოეს ადამიანებთან ერთად, პირადი ტრაგედია გადაატანინეს. მაიასთან ინტერვიუ fortuna.ge-მ ქსკლუზიურად ჩაწერა.

– ბანალური, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქტუალური კითხვით დავიწყებ შენთან საუბარს – ახლა როგორ ხარ?

– ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით. დღის განმავლობაში მომდიოდა უამრავი წერილი სრულიად უცნობი ადამიანებისგან. 23 თებერვალს, ნუცას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ, მაგრად ვიდგე და ჩემი ჭირი არ გამოვიტანო გარეთ, ზოგადად, კომპლექსი გამიჩნდა… არ მინდა, ადამიანებისთვის ჩემი მწუხარება გადამდები იყოს, ამიტომ ვცდილობ, მყარად ვიდგე და ვიყო პოზიტიური. როდესაც წლისთავი მოახლოვდა, ამ დღეების თავიდან გადატანა რთული აღმოჩნდა. მქონდა განცდა, რომ ყოველი წამი, როცა ნუცა მიდიოდა, დამიბრუნდა… შემექმნა მცირე ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც, ეს ტრავმა უკვალოდ არსად მიდის, გულზე მქონდა პრობლემა, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ეს ერთკვირიანი მონაკვეთი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი შვილი მარტოს მეგლოვა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გაიგო ჩემი მწუხარება და მადლობა მათ, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და ჩემი ამ ცხოვრებაში დაბრუნებაც. რეალურად, ჩემი სიმყარე ამ ადამიანების დამსახურებაც არის, ეს არ გახლავთ ლიტონი და მოგონილი სიტყვები. ძალიან მამხნევებდა იმ დედების მაგალითები, რომლებსაც ჩემი მსგავსი ამბავი აქვთ. ბევრი გავიცანი ჩემი ტრაგედიის შემდეგ და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მეუბნებოდნენ, რომ პირველი წელი იქნებოდა ყველაზე რთული, შემდეგ კი ყველაფერი მეორედ იქნებოდა და მართლაც ასეა… ის, რომ საქმეს მალე დავუბრუნდი, ამანაც გადამრჩინა. როგორ ვარ სულიერად? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. როგორ შეიძლება, სრულყოფილად კარგად იყოს შვილმკვდარი ქალი?!. თუმცა ფიზიკურად კარგად ვარ, ვმუშაობ მეორე პროექტზე, რომელიც მალე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ქალებისთვის განკუთვნილი გასართობი გადაცემაა…

– ძალიან კარგი სამეგობრო წრე გყავს სამსახურში, რომლებთან ერთადაც მუშაობ. კარგად გახსოვს, რთულ პერიოდში ვინ იყო შენ გვერდით და ვინ არ იყო?

– ცხოვრება ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რამდენად სამართლიანია სამყარო. ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი სიბინძურე. ჩემი პროფესია გულისხმობს იმასაც, რომ ხედავდე ძალიან მძიმე რაღაცებს, სიბინძურეს… ამ დღეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, მაჩვენეს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი ამბობს… მეც სიყვარულმა გადამარჩინა. გადამარჩინა დედამ, რომლის უსაზღვრო სიყვარულის გამო დავდექი ფეხზე და დავრჩი ცხოვრებაში, ჩემი დების თავგანწირვამ, რომელთაც არ უნდოდათ, თვალებჩამქრალი ვენახე და გადამარჩინეს მეგობრებმა. მაშინ, როცა უუნარო ვიყავი, ქმედითები იყვნენ ჩემი მეგობრები და აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ მე ცხოვრება გამხარებოდა. ხშირად ვსვამდი შეკითხვას, დადგება დღე, როცა გათენება გამიხარდება-მეთქი? ვერ ვიტყვი, რომ ახლა გათენება ისე მიხარია, როგორც წლების წინ, მაგრამ ჩემთვის თენდება და მე არ ვარ მარტო, ვარ სულ სიყვარულით გარემოცული, რაც დიდი ბედნიერებაა. ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, რომ გიპასუხოთ. ის, რომ ფეხზე ვდგავარ და უბედურების ასეთ დიდ ტალღას ვუმკლავდები, სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც მართლაც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. მკიცხავდნენ და მლანძღავდნენ, რაც ჩემთვის უცხო არ არის. რაც აქტიურად ვჩანვარ, მას მერე სულ იყო სიშავის ტალღა ჩემ მიმართ, მაგრამ სიყვარული, სითბო და ადამიანური ფასეულობები, არის ის, რაც მაძლებინებს და მყარად მაყენებს ფეხზე. ათასჯერ უფრო მეტია პოზიტიური და სითბოთი სავსე წერილი. აღმოვაჩინე, რომ დედამისი ზურგზე აღარ არსებობს თემა, რომელიც ტკივილს მომაყენებს, სიტყვა, რომელიც მატკენს, ქმედება, რომელიც მეტკინება, რადგან აღარ მტკივა და ვერ მეტკინება. რეალურად მოვკვდი და თავიდან დავიბადე. მე ვნახე, რა არის სიკვდილი… ერთხელ უკვე გარდავიცვალე და სიკვდილის აღარ მეშინია!.. ახლა ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. ვიცი, რომ მაქვს ეს ტვირთი და ის ცხოვრების ბოლომდე უნდა ვატარო. სიცოცხლის ბოლოც არ არის საშიში, რადგან იქ ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა მელოდება. რთული და ძნელია, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ასეთი ბედი მერგო. ნუცას სიკვდილი ჩემთვის ერთგვარი წყალგამყოფივით არის. ის სხვა ცხოვრებაა და ეს სხვა. ჩემმა ახალმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უნდოდა, დაცემული ვენახე. მახსოვს ადამიანები, რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა დავბრუნდი. ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ეგონა, რომ დავეცემოდი და ძალიან მითანაგრძნობდნენ ამ დაცემაში… აღმოვაჩინე, რომ უბედური და დავრდომილი შესაძლოა, უფრო მეტისთვის იყო სასურველი, ვიდრე ფეხზე მყარად მდგომი. დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი და სანამ მე ცოცხალი ვარ, სანამ არ მივსულვარ ჩემს შვილთან, არ მინდა, ვიყო დაცემული და ვინმემ თქვას, რომ ნუცას დედა დაეცა, არ დავეცემი…  

– შენი ყოველდღიურობა როგორია? ახლა ძალიან კარგ ფორმაში ხარ…

– შეიძლება, ზოგმა თქვას, რომ მას შემდეგ, რაც დამემართა, არ უნდა მოვუარო თავს, მაგრამ ვფიქრობ, ვალდებული ვარ, თავს მოვუარო, რადგან მიყურებს უამრავი ადამიანი და ვარ ეკრანზე. ვიკვებები ჯანსაღად, რაც დრომ გამომიმუშავა, დილას ყოველთვის ვსაუზმობ. ჩემი ტრაგედიის მერე, სამწუხაროდ, ხორცს ვეღარ ვჭამ, მხოლოდ ქათმის ხორცს, ისიც იშვიათად. უფრო მეტად შემიყვარდა ბოსტნეული, რძის პროდუქტები. ბევრად უკეთესად ვარ, როცა ასე ვიკვებები. თუკი ვინმეს მოსწონს, როგორ გამოვიყურები, ეს წყლის დამსახურებაცაა, რადგან აქტიურად ვსვამ. ასევე ყოველდღე ვცურავ კილომეტრს და გარდა ამისა, ცხენით ჯირითსაც ვსწავლობ, რაც ძალიან მინდოდა და ახლა მოვახერხე… განაგრძეთ კითხვა